ა(ა)იპ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ორგანიზებით 2016 წლის 9 დეკემბერს ი. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “ცნს კონფერენცია II”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც ზეპირ, ასევე – პოსტერულ პრეზენტაციებს. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს ხელმძღვანელობას უწევდნენ შესაბამის დარგში მომუშავე პროფესიონალები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, კვლევები და სიახლეები. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე პრიფესორ-მასწავლებლებმა.

კონფერენციის გახსნისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა “ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას”, “კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა” (აკად. ფ. თოდუას კლინიკა) და “ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს” შორის.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ცენტრის დირექტორმა ბატონმა დავით ნადარეიშვილმა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ განვლილ გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანების ,,ევოლუცია” სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ასევე, ბატონმა დავითმა ორგანიზაციას სამომავლო პროექტებში მხარდაჭერა აღუთქვა. შეგახსენებთ, რომ ცენტრი უკვე მეორედ მასპინძლობს “ცნს კონფერენციას”. კონფერენციის ბოლოს მოწვეულმა აკადემიურმა პერსონალმა და დამსწრე საზოგადოებამ რეკომენდაციები მისცეს კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. იმედი გამოთქვეს, რომ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება არ შეიცვლის არჩეულ გზას და გააგრძელებს განვითარებას, რომელიც ასე წარმატებით მიმდინარეობს.