2019 წლის 10-14 ივლისის პერიოდში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების წარმომადგენლობა იმყოფებოდა EFPT-ის (European Federation of Psychiatric Trainees) რიგით 27-ე ფორუმზე. წლევანდელ ფორუმს ესწრებოდა 46 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 5 სხვა კონტინენტის ქვეყნებიდან.

ამ ფორუმზე საქართველო უკვე მესამედ წარადგინა ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ და ამ უკანასკნელს მიენიჭა საპატიო დელეგაციის სტატუსი, ვინაიდან გენერალურ ანსამბლეაზე აქტიურად განიხილებოდა საქართველოსთვის ფედერაციის სრული წევრის სტატუსის მინიჭების საკითხი. ფორუმზე დამსწრე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ინიციატივას და საქართველოს ფედერაციის სრული წევრის სტატუსი მიენიჭა.

EFPT (European Federation of Psychiatric Trainees) არის ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების ფსიქიატრიის რეზიდენტების ასოციაციებს და ადვოკატირებას უწევს ამ მიმართულებით მომავალი ექიმების ტრენინგის პროცესს. დღეისათვის ფედერაციაში სრული წევრის სტატუსით გაწევრიანებულია ევროპის 39 ქვეყანა. ამ ფედერაციას ჰყავს საერთაშორისო დონის ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა: ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კავშირი (European Union of Medical Specialists, UEMS), ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია (European Psychiatric Association, EPA), მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (World Psychiatric Association, WPA) და სხვები.

ფორუმი ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა Adam Vojtěch-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულების ყოფილმა დირექტორმა Norman Sartorius-მა (ასევე, მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი) გახსნეს. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ სამედიცინო სპეციალისტთა ევროპის კავშირის (UEMS) საპატიო მდივანი Jozef Dragasek და ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე Mariana Pinto Da Costa.

EFPT-ის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი იქნება ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ფსიქიატრიის დეპარტამენტი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ფსიქიატრებს (რეზიდენტებს, დოქტორანტებს), და არა მხოლოდ ფსიქიატრებს, საერთაშორისო დონის შესაძლებლობებს მისცემს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეიდან შეგვიძლია ჩვენს კოლეგებსა და წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით შევთავაზოთ გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებების, კონფერენციებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

ფორუმის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები ამ დარგში მოღვაწე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან, რომლებმაც წაიკითხეს ლექციები და სემინარები. გარდა ამისა, გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომლებშიც ჩვენი დელეგაცია აქტიურად იყო ჩართული. გარდა ამისა, ჩვენმა დელეგაციამ წარადგინა პოსტერი პროექტი “ზღვარის” შესახებ, რამაც დამსწრეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის, მზად ვართ, გაგიზიაროთ საერთაშორისო მასშტაბის ეს შესაძლებლობები და მოხარულნი ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით !