დარჩი ჯანმრთელი და შეაჩერე COVID19-ის გავრცელება!

#StopCovid19 #დარჩისახლში

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

COVID19-ის გამომწვევი ვირუსი უმეტესად გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის მიერ ხველების, ცემინების და საუბრის დროს გამოყოფილი წვეთებით. ეს წვეთები სიმძიმის გამო მალევე ეცემა იატაკზე ან სხვადასხვა ზედაპირზე.

თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ ჰაერიდან ვირუსის შესუნთქვით, თუ COVID-19-ის მქონე პირთან არაუმეტეს 1 მეტრის მანძილზე ხართ; ან ზედაპირებთან კონტაქტით და შემდეგ ხელით სახეზე, ცხვირზე ან პირზე შეხებით.

კორონავირუსის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა ხელების ხშირი დამუშავება ალკოჰოლის შემცველი ხსნარით ან დაბანა საპნითა და წყლით.

როდის და როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ქართულ ენაზე.
ვრცლად

ჯანმოს რჩევები ფსიქიკური კეთილდღეობისთვის

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მრავალი ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ცდილობს. ასეთი კრიზისული მდგომარეობა მოსახლეობაში სტრესსა და დაძაბულობას იწვევს. ამ პერიოდში ადამიანების მენტალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი შემდეგი სახის რეკომენდაციებს გვაწვდის:

1. ეს ვირუსი ადამიანებზე გავლენას ახდენს განურჩევლად მათი ეროვნებისა, წარმომავლობისა და საცხოვრებელი ადგილისა. ამიტომ გამოვიჩინოთ გულისხმიერება COVID-19-ის მქონე პირების მიმართ. ამ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ და ისინიც იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას, თანაგრძნობასა და კეთილგანწყობას.

2. ამ ადამიანებს ნუ მოვიხსენიებთ, როგორც “მსხვერპლს”, “COVID-19-ის შემთხვევებს”, “კორონავირუსიანებს” ან “ავადმყოფებს”. არამედ, ისინი არიან “COVID-19-ის მქონე ადამიანები”, “COVID-19-ით დროებით დასნებოვნებულები”, “ადამიანები, რომლებიც გადიან COVID-19-ის მკურნალობას”, “ადამიანები, რომლებიც იკურნებიან COVID-19-ისგან”. გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი გააგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას – დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება, გავმიჯნოთ COVID-19-ის ქონით განსაზღვრული იდენტობისგან. ამით შევამცირებთ სტიგმას.

3. შეამცირეთ იმ საინფორმაციო ამბების ყურება, კითხვა ან მოსმენა, რომლებიც თქვენში შფოთვასა და დაძაბულობას იწვევს; მოიძიეთ ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან და გადადგით პრაქტიკული ნაბიჯები, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები. ახალ ამბებს გაეცანით ერთი და იგივე დროს, დღეში ერთხელ ან ორჯერ. ეპიდემიასთან დაკავშირებული ახალი ამბების უეცარმა და თითქმის უწყვეტმა ნაკადმა ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა. მიიღეთ მხოლოდ ფაქტები, არა ჭორები და დეზინფორმაცია. ინფორმაციია შეაგროვეთ რეგულარული ინტერვალებით, ჯანმო-ს ვებსაიტისა და ჯანმრთელობის ადგილობრივი ორგანოების პლატფორმებიდან, რათა განასხვავოთ ფაქტები ჭორებისგან. ფაქტები დაგეხმარებათ შიშისა და სტრესის შემცირებაში.

4. დაიცავით საკუთარი თავი და სხვებიც. რთულ მდგომარეობაში მყოფის მიმართ დახმარების გაწევამ შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს არა მარტო დახმარების მიმღებზე, არამედ მის გამცემზეც. მაგალითად, ტელეფონით მოიკითხეთ თქვენი მეზობლები ან თანამემამულეები, რომლებსაც შეიძლება თქვენი დახმარება სჭირდებოდეთ. ერთობლივად მუშაობა COVID-19-თან გაერთიანებული ძალებით გამკლავებაში გვეხმარება.

5. იპოვეთ შესაძლებლობები, რომ გამხნევდეთ იმ ადამიანების ისტორიითა და გამოცდილებით, ვისაც შეხება ჰქონია COVID-19-თან. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც განიკურნენ ან ისინი, ვინც ეხმარებოდნენ თავიან საყვარელ ადამიანებს და სურთ სხვებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება.

6. დააფასეთ სამედიცინო პერსონალი, ჯანდაცვის სპეციალისტები და მომვლელები, რომლებიც COVID-19-ის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. გააცნობიერეთ მათი როლი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და თქვენთვის საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

ჯანმოს რჩევები თვითიზოლაციაში მყოფთათვის, თუ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ პანდემიის პერიოდში არსებულ სტრესსა და დაძაბულობას:

1.შეინარჩუნეთ კომუნიკაცია თქვენს გარემოცვასთან და სხვა ადამიანებთან. იზოლირების შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად ეცადეთ, შეინარჩუნოთ თქვენი დღის რეჟიმი ან შექმნათ ახალი. იქედან გამომდინარე, რომ მოქალაქეებმა მივიღეთ რეკომენდაცია, შევზღუდოთ ფიზიკური კონტაქტი დაავადების გავრცელების შესამცირებლად, საჭიროა შევინარჩუნოთ ურთიერთკავშირი სოციალური მედიის, ტელეფონის, ვიდეოზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. სტრესის დროს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ განცდებს და შეგრძნებებს. დაკავდით ისეთი ჯანსაღი აქტივობებით, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ და გამშვიდებთ. მაქსიმალურად შეეცადეთ ივარჯიშოთ, მოიწესრიგოთ ძილის რეჟიმი და მიიღოთ ჯანსაღი საკვები. გააცნობიერეთ, რომ მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის უწყებები და ექსპერტები მუშაობენ არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და თითოეული ადამიანის კეთილდღეობისათვის.

3. ეპიდემიასთან დაკავშირებული სიახლეების მუდმივმა ნაკადმა ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და დაძაბულობა. დღის კონკრეტულ მონაკვეთებში მოიძიეთ განახლებული ინფორმაცია და პრაქტიკული მითითებები, რომლებსაც გვაწვდიან ჯანდაცვის პროფესიონალები და ჯანმო-ს ვებსაიტი. ერიდეთ გადაუმოწმებული და არასანდო წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიღებას.

რჩევები მშობლებს ბავშვების ფსიქიკური კეთილდღეობისთვის პანდემიის პერიოდში:

1. დაეხმარეთ ბავშვებს პოზიტიურად გამოხატონ გრძნობები, როგორებიცაა შიში და მოწყენილობა. ყველა ბავშვი ემოციას თავისებურებურად გამოხატავს. ზოგჯერ შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვით, თამაშითა და ხატვით, შესაძლებელია ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ბავშვები შვებას გრძნობენ მაშინ, როცა მათ შეუძლიათ კომუნიკაცია, საკუთარი გრძნობების გამოხატვა მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

2. რეკომენდირებულია ბავშვები იყვნენ მშობლებთან და ოჯახთან ახლოს, თუ ეს საშიშროებას არ წარმოადგენს მათთვის. მაქსიმალურად ერიდეთ ბავშვების დაშორებას აღმზდელებთან. თუ საჭირო გახდა ბავშვისა და მზრუნველის განცალკევება, დარწმუნდით, რომ მას ექნება შესაბამისი ალტერნატიული მზრუნველობა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ განცალკევების პერიოდში შენარჩუნებული იქნება რეგულარული კონტაქტი მშობლებთან და აღმზრდელებთან, მაგალითად, დღის განმავლობაში დაგეგმილი სატელეფონო, ვიდეო ზარი ან სხვა ასაკთან შესაბამისი კომუნიკაცია (მაგ., სოციალური მედია).

3. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული ცხოვრების წესი, ან შექმენით ბავშვებისთვის შესაბამისი ახალი რუტინა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ სახლში დარჩენა უწევთ. ბავშვები ჩართეთ ასაკის შესაბამისი აქტივობებში, მათ შორის სწავლის პროცესში. რაც შეიძლება მეტად წაახალისეთ ბავშვები, რომ განაგრძონ თამაში და სხვებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან.

4. სტრესისა და კრიზისის დროს ბავშვებს ახასიათებთ მეტი მიჯაჭვულობა და უფრო მომთხოვნი ხდებიან მშობლების მიმართ. COVID-19-ზე თქვენს შვილებს ესაუბრეთ გულწრფელად და მათი ასაკისთვის გასაგები ენით. თუ ბავშვებს აქვთ დაძაბულობა ამ ვითარებასთან დაკავშირებით, ამ თემაზე ერთად საუბარმა შესაძლებელია შეამციროს შფოთვა. ბავშვები აკვირდებიან უფროსების ქცევასა და ემოციებს და მათგან იღებენ მაგალითს, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი ემოციები რთულ დროს.

ზემოთ მოცემული მასალა წარმოადგენს ორიგინალი დოკუმენტის “Mental Health and Psychosocial Considerations During COVID-19 Outbreak” ქართულ ენაზე ადაპტირებულ ვერსიას. ავტორი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო, WHO), ჟენევა, 2020. ლიცენზია: CC BY-NC-SA 3.0 IGO. ეს ვერსია არ არის შექმნილი ჯანმოს მიერ და ის პასუხს არ აგებს მის შინაარსსა და სიზუსტეზე. ძირითად წყაროს წარმოადგენს ორიგინალი დოკუმენტი. ადაპტირებული ვერსია შექმნილია ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ. ადაპტირებული ვერსიის ავტორები: ვახტანგ თებიძე, მარიამ ხუჯაძე, ანა ქირია, საიდ აჯიანცი.

ზემოთ მოცემული ვიდეოს ორიგინალი ვერსია: “How to protect yourself against COVID-19”. ადაპტირებული ვერსიის ავტორები: მარიამ გელდიაშვილი, სალომე ყიფშიძე, შალვა აბრამიშვილი, ვახტანგ თებიძე, მარიამ ხუჯაძე.

HeroKiddos - ანიმაციური ვიდეორგოლები ბავშვებისთვის

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება მხარს უჭერს ანიმატორთა ჯგუფი HeroKiddos-ის წამოწყებას, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

კორონავირუსის პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებამდე ინფორმაციის სწორი მიტანა, რათა ისინი გავარკვიოთ არსებულ მდგომარეობასა მათ როლში.

ზრდასრულებისთვის ასევე გამოწვევაა ის, სწორად აუხსნან ბავშვებს, თუ როგორ და რატომ უნდა დაიცვან წესები

ჯგუფი HeroKiddos ფიქრობს, რომ მამოტივირებელი ანიმაციების მეშვეობით ისინი ბავშვებს დაეხმარებიან, გაითავისონ თავიანთი როლი ბებია-ბაბუებისა და მოხუცების დაცვაში, როგორ გაუმკვლავდნენ სიტუაციას ფსიქოლოგიურად და როგორ უნდა მოიქცნენ თავიანთი უსაფრთხოებისთვის.

COVID-19 _ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მნიშველოვანია ბავშვებს სწორად მიეწოდებოდეს რეკომენდაციები და ინფორმაცია, რაც საგრძნობლად შეამცირებს გავრცელების შესაძლებლობებსა და რისკს.