ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება იწყებს ახალი ჟურნალის გამოცემას, სახელწოდებით “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სამედიცინო ჟურნალი” (“Medical Journal of Youth Scientific Union”).

 

წინაპირობები

როგორც მოგეხსენებათ, სამეცნიერო საქმიანობა დღევანდელი სამედიცინო სფეროს განუყოფელი ნაწილია. იქედან გამომდინარე, რომ სტუდენტებისა და ახალბედა მეცნიერებისთვის არათუ მაღალი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე, არამედ ადგილობრივ ჟურნალებშიც კი სტატიების გამოქვეყნება ფართოდ ხელმისწავდომი არ არის, ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ გადაწყვიტა, შექმნას პირველი ახალგაზრდული სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალი საქართველოში, სადაც ახალგაზრდები პირველ ნაბიჯებს გადადგამენ სტატიების წერა-გამოქვეყნებაში, აიმაღლებენ ინტერესს და განვითარდებიან ამ მიმართულებით.

ამასთანავე, დღევანდელობაში, საერთაშორისო პროგრამებში მაღალი კონკურენციის ფონზე, ხშირად უპირატესობა ენიჭებათ ისეთ აპლიკანტებს, რომელთაც პუბლიკაციები აქვთ გამოქვეყნებული. ამიტომ ეს ჟურნალი ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ საერთაშორისო ასპარეზზე.

ჟურნალის რედაქტირებისა და კოლეგიალური განხილვის (peer review) პროცესებში ჩართული იქნებიან ქართველი მეცნიერები და სტატიის თემატიკის შესაბამისი სპეციალისტები.

 

საერთაშორისო რეკომენდაციები

“ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სამედიცინო ჟურნალი” ხელმძღვანელობს სამედიცინო ჟურნალების რედაქტორების საერთაშორისო კომიტეტის (ICMJE) რეკომენდაციებით: Recommendations for the Conduct, Reporting, Editing, and Publication of Scholarly work in Medical Journals (“სამედიცინო ჟურნალების ნაშრომების შექმნის, რეპორტირების, რედაქტირებისა და გამოქვეყნების რეკომენდაციები”). ავტორებს მოვუწოდებთ, გაეცნონ ამ დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებს.

რეკომენდაციები სხვადასხვა ტიპის სტატიებისთვის (წყარო: equator-network.org-ის მონაცემთა ბაზა):

  • ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებზე სტატია სასურველია დაიწეროს ARRIVE-ის რეკომენდაციების მიხედვით: https://www.nc3rs.org.uk/arrive-guidelines
  • კლინიკურ შემთხვევაზე (case report) სტატია სასურველია დაიწეროს CARE-ის რეკომენდაციების მიხედვით: http://www.care-statement.org/resources/checklist
  • მიმოხილვითი სტატიები სასურველია დაიწეროს PRISMA-ს რეკომენდაციების მიხედვით: http://www.prisma-statement.org/PRISMAStatement/Checklist

 

დამატებითი ინფორმაცია

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება ან ჩვენს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება, დაგვიკავშირდით კონტაქტის ფორმის მეშვეობით.