2016 წლის 23 აპრილს გაიმართა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა” და სტუდენტური კვლევითი კლუბი “ვიტალისის” კიდევ ერთი წარმატებული კონფერენცია ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალმხრივი მიმხილვის შესახებ, სახელწოდებით “CNS Conference”. ამჯერად გვიმასპინძლა და არაჩვეულებრივი დარბაზი დაგვითმო ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო იმ სივრცეში ყოფნა, სადაც მრავალი ცნობილი მეცნიერი და ექიმი გამოსულა სიტყვით, მათ შორის სულ რამდენიმე კვირის წინ ნობელის პრემიის ლაურეატი მადან რეჰანი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი-ალმა მატერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

წარმოდგენილი იყო მაღალი დონის მოხსენებები და პოსტერული პრეზენტაციები, ორიგინალური კვლევები ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ასოცირებული მედიცინისა და ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის კუთხით. კონფერენციას ესწრებოდნენ და მასში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი უფროსი თაობის პროფესიონალები: ივ.ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნინო დიდბარიძე, თსსუ-ს სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი დავით ცხომელიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე მანანა გაბაშვილი (ფსიქოლოგიის ფაკულტეტი), ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის მოქმედი ნევროლოგი ნინო აქიაშვილი.

აღსანიშნავია აუდიტორიის აქტიურობა და მათი მრავალი საინტერესო შეკითხვა, რამაც საბოლოო ჯამში საინტერესო დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების ხასიათი მიიღო. მოსაწყენი კონფერენციის ნაცვლად ინტერაქტივი მივიღეთ, რის საშუალებითაც მონაწილე სტუდენტებმა და დასმწრე საზოგადოებამ ცოდნა გავიღრმავეთ. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს და მის დირექტორს, ბატონ დავით ნადარეიშვილს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ კი მომავალში კიდევ უფრო საინტერესო აქტივობების განხორციელებას გპირდებით.