თხზულებების კონკურსი:
1) თამარ სამხარაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის, მე-12 კლასის მოსწავლე.

* * *

25 იანვარი:

რომ დავიბადე, მშობლებმა მარიამი დამარქვეს. მერე რა, რომ ჩვენში მსგავსი სახელი არაა, მამამ იფიქრა, რომ ასე უფრო გამიადვილდებოდა ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში სკოლის პერიოდში ბავშვები სახელის გამო არ დამცინოდნენ, მაგრამ ამ მხრივ გიუნელი არასდროს ყოფილა დაცული. მე-6 კლასამდე მე და გიუნელი საუკეთესო მეგობრები ვიყავით, სკოლაში ერთად მივდიოდით და უკანაც ერთად ვბრუნდებოდით, ის ჩემს მახლობლად ცხოვრობდა და ამიტომ ერთად თამაშის უფლებას გვაძლევდნენ. 1 თვის წინ გიუნელი ქმარმა წაიყვანა.

გიუნელი ძალიან მენატრება, მაგრამ მისი ქმარი ეუბნება, რომ სახლიდან არ უნდა გავიდეს, ამიტომ ვერც სკოლაში ვხედავ და ვეღარც მისი მშობლების სახლში.

სკოლაში ყველაფერი კარგადაა. დღეს ნინა მასწავლებელმა მითხრა, რომ საუკეთესო მოსწავლე ვარ და ასე თუ გაგრძელდება, მომავალში ტელევიზორშიც ხშირად გამოვჩნდები.

27 იანვარი:

გუშინ სახლში ვიღაც ქალი მოვიდა და მამას დიდხანს ელაპარაკა, მერე ფული დაუტოვა და წავიდა. დედამ მითხრა, რომ ამას ჩემი დაბადების წამიდან ელოდა, მე ვერაფერს მივხვდი და ყურადღება არ მივაქციე.

დღეს დედამ მითხრა, რომ უკვე გავიზარდე, ამიტომ მკერავთან წამიყვანა და კაბისთვის ზომები ამაღებინა.

სახლში რომ დავბრუნდით სხეულიდან ზედმეტი თმები ამომაწიწკნა.

სიმართლე გითხრათ, გამიხარდა ახალი კაბისა და ჩემი გაზრდის ამბავი, მაგრამ გაზრდა ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა არ მეგონა. თუმცა ახლა ჩემი კანი უფრო პრიალაა და სარკეში ჩახედვისას ჩემი სახე უფრო მომწონს.

29 იანვარი:

ქმარმა მეც წამიყვანა.

3 თებერვალი:

ქმარი ამბობს, რომ მე ქალი ვარ და სკოლაში არაფერი მესაქმება. არა და ნინა მასწავლებელი პირიქით ფიქრობს. მაგრამ ქმარი ამბობს, რომ ის არასწორია და ცდება, რადგან ქალი სულელია. ნინა მასწავლებელიც ხომ ქალია, ანუ ისიც სულელია.

მე მგონია რომ ქმარია სულელი და არა ნინა მასწავლებელი, მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს. რადგან მეც ქალი ვარ.

მაგრამ მე სკოლაში სიარული მინდა. მინდა რომ მომავალში ტელევიზორში გამოვჩნდე. მინდა რომ ლამაზი პიჯაკი და ფეხსაცმელი მეცვას. მინდა, რომ ჩემით ამაყობდნენ….

მაგრამ ეს არასდროს მოხდება, რადგან სკოლაში სიარული არ შემიძლია!

5 თებერვალი:

დღეს ქმარმა გადაწყვიტა, რომ საჭმელი ზედმეტად მარილიანი იყო და მცემა. მე ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ აღარ შემეშლებოდა, მაგრამ როგორც თვითონ თქვა პირი უკვე დამლაშებული ჰქონდა და აღარ ეშველებოდა.

როცა თავი დამანება დედამისთან მივედი და ვთხოვე, რომ ამის შემდეგ საჭმლისთვის ნაკლები მარილი მიეცა, რადგან ქმარი ფიქრობდა, რომ ეს ჩემი გაკეთებული იყო და მტკენდა. მაგრამ დედამისიც მეჩხუბა: მე არ მაქვს უფლება მას რამე ვუთხრა, ის ჩემი უფროსია და თვითონ გადაწყვეტს რამდენი მარილია საჭირო საჭმელში.

ასე ხშირად ხდება, მაგრამ მე ქალი ვარ და ასეც უნდა იყოს.

მომავალში ჩემი შვილი სცემს ჩემს გამო თავის ცოლს.

ჩემი შვილიშვილი ჩემი რძლის გამო სცემს თავის ცოლს.

მაგრამ გოგო თუ მეყოლება ჯერ იმას სცემენ და მერე მის გამო სცემენ სხვა ქალს.

8 თებერვალი:

ხვალ ჩემი დაბადების დღეა. ერთი სული მაქვს როდის გათენდება. ძალიან მიყვარს საჩუქრები. მახსოვს ერთხელ ნინა მასწავლებელმა ძალიან საინტერესო წიგნი მაჩუქა. მას “ჯეინ ეარი” ერქვა და ერთი გოგონას შესახებ იყო, რომელიც ბიცოლასთან იზრდებოდა.  ბიცოლას არ უყვარდა ჯეინი და ყოველთვის სჯიდა. მერე გოგონების სკოლაში გაგზავნა და როდესაც ჯეინი გაიზარდა მასწავლებელი გახდა… მერე ბევრი რამე მოხდა, მაგრამ საბოლოოდ საყვარელი ადამიანის გვერდით აღმოჩნდა.

იმედია ოდესმე მეც შემიყვარდება…

10 თებერვალი:

გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო.

სხვებისთვის ჩვეულებრივი დღე.

როგორც ყოველთვის გუშინაც მეჩხუბნენ.

გუშინ 13 წლის გავხდი…

———————————————————————

2) მარიამ რუსიშვილი, ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის, მე-9 კლასის მოსწავლე.

* * *

ქუჩაში გავლა აღარ მინდა! ყელში ამოვიდა ამდენი სიძულვილი. ყველაფერს საზღვარი აქვს!

გაგიჩნდებათ კითხვა: რა აქვს საწუწუნო ასეთ ბიჭს, რომელსაც დედ-მამა ცნობილი ბალერინა და დირიჟორი ჰყავსო? რა არ მოსწონს, რითია უკმაყოფილო, ფულიც აქვს, შეძლებულიცაა, კარგადაა აღზრდილი და ჩაცმული?

თუმცა ადამიანებს ბოღმასა და შურს რა დაულევს?

რატომ მაინცდამაინც მე?რადგან სხვანაირად ჩაცმული ვარ და სხვა ინტერესები მაქვს, ამიტომ     უნდა დამცინონ?

ამ კითხვაზე არანაირი პასუხი არ მაქვს. ვერც კი ვხვდები, რა არ მოსწონთ ჩემში, რატომ მტკენენ გულს და მიკეთებენ იმას, რასაც დაუძინებელ მტერსაც კი ვერ ვუსურვებ? რატომ არიან ჩემდამი ასე განწყობილნი? რა დავუშავე ასეთი, რომ მამცირებენ, ბოღმას ანთხევენ,როცა მარტო ვრჩები, ხშირად ვფიქრობ რა შევცვალო ჩემში, რომ ეს აღარ განმეორდეს?  ბოლოს მივდივარ დასკვნამდე! მე არ შევიცვლები! შეიცვალოს ის, ვინც გულგრილი და მტყუანია! ადრე თუ გვიან, დაისჯება ის, ვინც მე და ზოგადად სამყაროს ბნელად და ცივად აღიქვამს!

დილით ჩვეულებრივად ავდექი და სკოლისთვის მოვემზადე. ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნებული პირველად მივდიოდი სკოლაში, ხუთწლიანი შუალედის შემდეგ.როცა კლასში შევედი, მასწავლებელმა ბავშვები გამაცნო. თვალი მოვავლე კლასელებს და მივხვდი, აქაც თეთრი ყვავივით ვიქნებოდი. მხოლოდ მე მეცვა შარვალ-კოსტიუმი, თეთრი პერანგი, მათ გამოხედვაში ირონია ვიგრძენი. ის გაკვეთილი, როგორც იქნა, დამთავრდა. დასვენებაზე  ბიჭებმა  მასხარად აიგდეს ჩემი ჩაცმულობა და გარეგნობა. მათთვის „დედიკოს ბიჭი“ ვიყავი. უხეშობა მე არ მჩვევია, ამიტომ ერთხელ რომ ვერ დავუბრუნე სათქმელი, უფრო შეტევაზე გადმოვიდნენ და დაიწყო ყოველდღიური დაცინვა, დამცირება და აბუჩად აგდება. მათ არ ესმოდათ ის, რაც მე მესმოდა და არ მოსწონდათ ის, რაც მე მომწონდა! იმ დღეს მეგობრების მაგივრად მტრები შევიძინე! ამ ყველეფერს დასასრული არ უჩანდა!

გავიდა ერთი თვე. სკოლაში აბრაზე წავიკითხე, ,, ტარდებოდა მუსიკალური კონკურსი!.“ გამიხარდა, ძლივს აღმოჩნდა ჩემთვის ნათელი წერტილი. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ იცოდნენ, ვიოლინოზე რომ ვუკრავ, ნეტავ თუ მთხოვდნენ  მონაწილეობის მიღებას-მეთქი?.

მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი, კლასელმა მითხრა, რომ კონკურსისთვის მუსიკოსი სჭირდებოდათ.

კონკურსის დღე იყო. დილით ძალიან კარგ ხასიათზე წამოვხტი და სკოლისკენ გავეშურე, იმ განწყობით, რომ მზად ვიყავი თავიცა და კლასიც მესახელებინა.

საპრიზო ადგილის ქულებს ვერ ვაგროვებდით. აი, ჩემი გამოსვლის დროც დადგა. შევძლებდი კი ისე დაკვრას, რომ ყველა განმეცვიფრებინა? ყველას ხელი ჩაქნეული ჰქონდა, თუმცა ავიღე ვიოლინო, ნაზად ჩამოვუსვი სიმებზე ხემი და…

… გაისმა ტაში, ჟიური ფეხზე წამოდგა. ამის მერე, ისეთი გახარებული ვიყავი, არაფერი არ მახსოვს, რა მოხდა.

კონკურსი დამთავრდა, ჩვენ მეორე ადგილზე გავედით. ბოლოს, სცენაზე, ყველანი ერთად გამოვედით. ჩემდა გასაოცრად, კლასელები სულ სხვანაირად მიმზერდნენ. გულში უზომოდ მიხაროდა, მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. მე ისევ ისეთი ჩაცმული ვიყავი, არც არაფერი შეცვლილა ჩემში. აბა, რა იყო მიზეზი მათი ფერისცვალებისა? ვიოლინო? არ მჯერა რაღაც… ნუთუ დავამტკიცე რომ მე მე ვარ, მაგრამ მე ხომ ისევ ის ერთი, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც ყოველდღე უდანაშაოლოდ მამცირებდნენ? თუმცა, იმედი უკვე მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება და გავუგებთ ერთმანეთს, ყოველგვარი ვიოლინოს გარეშეც..

——————————————————————-

3) ნინო მჭედლიშვილი, ქალაქ თბილისის №190 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე.

* * *

ალბათ …..

ლილუს ოჯახი ახალ სახლში გადავიდა.გოგონა  ბედნიერი იყო , მას ხომ საკუთარი ოთახი ექნებოდა . ძველი  ნივთებისგან ათავისუფლებდა უჯრებს, როცა მისი ყურადღება ერთმა ლამაზყდიანმა რვეულმა მიიქცია . ლილუ ლოგინზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო  .როგორც აღმოჩნდა ,ეს დღიური ეკუთვნოდა დაახლოებით მის თანატოლ გგონას .

1 იანვარი : არ უნდა მომეთოვა საჩუქარი , ყველაფერი ჩემი ბრალია . მამიკომ მცემა და სარდაფში ჩამკეტა , ძალიან მშიოდა , მეგონა დედიკო მოვიდოდა და დამეხმარებოდა ,მაგრამ , როგორც სჩანს, სახლში სტუმრები გვყავდა და ჩემი არსებობაც  ყველას დაავიწყდა .

6 იანვარი : ორი დღეა საწოლში ვწევარ , ალბათ, სარდაფში გავცივდი და შიმშილმაც დამასუსტა . მამა გაბრაზებულია და მეჩხუბება , რომ მე ვაიძულე,  ასე სასტიკად მომქცეოდა .  გამაფრთხილა , არავისთვის მომეყოლა ამის შესახებ ,თორემ….

7 თებერვალი : დღეს სკოლის ავტობუსმა გამომასწრო და სახლში დავაგვიანე  .  მამა გამძვინვარებული დამხვდა .  ხელი მკრა და კიბეზე დავგორდი , ხელი მოვიტეხე და თავი გამიტყდა . არ მომშველებია, პირიქით ,მირტყამდა და უფრო მტკენდა . ვემუდარებოდი ,გაჩერებულიყო…..

9 თებერვალი : გონზე რომ მოვედი, ვერ ვხვდებოდი ,სად ვიყავი. თავთან დედა მეჯდა და მეფერებოდა . ისეთი სასიამოვნო იყო ,მინდოდა კიდევ დიდხანს ვყოფილიყავი ავად . პალატაში ექიმი შემოვიდა და უკან პოლიციელიც შემოჰყვა . დედამ  მიჩურჩულა:- უთხარი მათ, რომ კიბეზე დაგორდი და იცოდე მამა არ ახსენო . მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც დედამ მთხოვა . გამომწერეს .

ლილუმ, შეშფოთებულმა, დღიური მშობლებს მიუტანა . ერთად კითხვა დაიწყეს. ენით უთქმელი სისასტიკისა და ძაალადობის ფატები იყო აღწერილი… პატარა  გოგონას კვნესა  ისმოდა სტრიქონებში….

16 ივნისი : ბოლო 6 თვის განმავლობაში უკვე 9 ჯერ მოვხვდი საავადმყოფოში. ბოლო ფაქტმა პოლიცია  საფუძვლიანად დააეჭვა , რომ ჩემზე ძალადობდნენ . მამის შიშითა და დედის თხოვნით მე ამ ყველაფერს უარვყოფდი . კვლავ სახლში გამომწერეს.

3 ივლისი : საცხოვრებელს ვიცვლით,თან, როგორც ქურდები, ისე მივიპარებით . ვხვდები, რატომაც .. მამა შეშინებულია და  ორი დღეა, არ მომკარებია . ვიცი , გადავალთ თუ არა ,ეს ყველაფერი ისევ გაგრძელდება და ჯავრს ჩემზე კვლავ იყრის … ვერ ვხვდები,დედა  რატომ დუმს,დავიჯერო,ის  ჩემზე  მეტად უყვარს?…მამას  ვეძახი,  მაგრამ მამინაცვალია….მამიკო  მაკლია, თბილი  და  ალერსიანი…   მომენატრება ჩემი დღიური ,მაგრამ მას თან ვერ წავიღებ. იმ იმედით ვტოვებ , რომ ვინმე იპოვის და დამეხმარება ….. ბოლო ფურცელს ეტყობოდა ,რომ გოგონა ტიროდა და ამას ისე წერდა .. მელანი ჩამოშლილი იყო ზოგ ადგილას .

ლილუს მშობლებმა დღიური პოლიციას გადასცეს ….უშველიან  გოგონას,  მამიკო  რომ ენატრება?…ფიქრები სიზმრებად მექცა…ალბათ, ალბათ….

———————————————————————

სტატიის სრული ვერსია ნახატებით.