დღეს “ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ” (YSU) დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევის განხორციელება, რომელიც ტარდება ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე. ჩვენი კვლევა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ აქტუალურ დარგს – ონკოლოგიას ეხება. დღეს ჩვენ ლაბორატორიულ თაგვებში შევიყვანეთ ერლიხის კარცინომის უჯრედები, რითიც თაგვებში შევქმნით ავთვისებიანი სიმსივნის მოდელს და სხვადასხვა პირობებში შევაფასებთ სიმსივნური უჯრედების ზრდის განვითარების დინამიკას.

სტუდენტების მიერ ამ სახის კვლევები საქართველოში ძალიან იშვიათია. YSU ვლით, რომ თანამედროვე მეცნიერების პროგრესის ფონზე მეტად მნიშვნელოვანია საქართველოში მეცნიერების სფეროში უფრო მეტი სტუდენტის ჩართულობა, მათი ცოდნის დონის ამაღლება, სამეცნიერო მუშაობის გაძლიერება და შემდგომში მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბება.

აქედან გამომდინარე, კვლევის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა პროფილის და ფაკულტეტის სტუდენტებმა შეიძინონ სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევები. ჩვენი კვლევის ყველა ეტაპი განხორციელდება ჩვენი ორგანიზაციის წევრების მიერ. კვლევის პროცესში სტუდენტებს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევს ამ მიმართულებით მომუშავე ქართველი მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კავეცკის სახელობის ინსტიტუტიდან ერლიხის კარცინომის შტამების შეძენა და საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდა უშუალოდ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” წევრების მიერ. ასევე, აღნიშნულმა ვიზიტმა ჩვენს ორგანიზაციას საშუალება მისცა მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა როგორც აღნიშნულ ინსტიტუტთან, ასევე უკრაინაში არსებულ სხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან.

ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას კვლევის მსვლელობის შესახებ.