დღეს 21 ოქტომბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ჩვენი გაერთიანების გაცნობითი პრეზენტაცია, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ჩვენი საქმიანობა, განხორციელებული და დაგეგმილი კვლევები, სოციალური და სამეცნიერო პროექტები. ასევე, მსურველებს მიეცათ ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალება, შეხვედრის ბოლოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას შორის გაფორმდა მემორანდუმი.

შეხვედრაზე დასწრება იყო თავისუფალი და იგეგმებოდა მხოლოდ ერთ ენაზე შეხვედრის წარმართვა, თუმცა უცხოელი სტუდენტების  დიდი ინტერესისა და მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, შეხვედრა ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა.

შეხვედრა გახსნა ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტმა საიდ აჯიანცმა, რომელმაც ისაუბრა გაერთიანების სტრატეგიებსა და მუშაობის პრინციპებზე, ასევე შეეხო ორგანიზაციის სოციალურ მიმართულებას და დასახულ პროექტებს, ხოლო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის სამეცნიერო აქტივობები, მიმოიხილა განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი კონფერენციები. ასევე შეეხო დაგეგმილ სამეცნიერო კვლევებს და მათ მნიშვნელობას.

შეხვედრის მეორე ნახევარში კლუბი VITALIS-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხათუნა წიკლაურმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის პარტნიორების შესახებ და აღნიშნა მზადყოფნა თანამშრომლობაზე როგორც სხვა ორგანიზაციებთან, ასევე, კერძო პირებთან, ხოლო კლუბის პრეზიდენტმა რუსუდან გოლეთიანმა ისაუბრა ჩვენი გუნდის ორი დიდი ორგანიზაციის – YSU-სა და VITALIS-ის კავშირისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, წევრის განვითარებასა და პერპექტივებზე.

ბიბლიოთეკის დირექტორმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ჩვენს გაერთიანებას წარმატებები უსურვა და დაწესებულების სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც სტატიის დასაწყისში იყო აღნიშნული შეხვედრის ბოლოს ბიბლიოთეკასა და გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც შემდგომში განმტკიცდება ერთობლივი პროექტებით.

ჩვენი ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა ასეთივე წარმატებით გაგრძელდება.