ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ყოველწლიურად ამ დღის თემატური დატვირთვა იცვლება საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე. 2016 წლის თემა გახლდათ “პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება”, რაც მოიცავს არა მხოლოდ მძიმე დაავადებების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შესაძლებლობას.

ამ დღეს ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაშიც აღნიშნავენ. საქართველოს ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და ამ სფეროს სხვა მუშაკები ზრუნავენ ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და განათლებაზე. ამ დღის აღსანიშნავად „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ მიერ გაიმართა საჯარო ლექცია თემატიკით „პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება“ რომელიც ჩატარდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

დღევანდელი დღის აღნიშვნას არ გამოაკლდა ჩვენი ორგანიზაციაც. YSU-ს (Youth Scientific Union / ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება) და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “Vitalis ”-ის მიერ საქართველოს სტუდენტებს შორის დღევანდელი დღის იდეის გასაცნობად დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. ასევე, ორგანიზაციის წევრებმა მოიწვიეს თანატოლები ზემოთხსენებულ ლექციაზე. დღის ბოლოს გაიმართა მსვლელობა რიყის პარკამდე, სადაც დაგეგმილი იყო ფრანების გაშვება.

ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებასა და ფსიქიკური ჯამრთელობის თემატიკაზე სხვა აქტივობების განხორციელებას, რომლებიც როგორც სტუდენტებისათვის, ასევე საზოგადოების სხვა წევრებისათვის იქნება საინტერესო. თითოეული დაგეგმილი აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში.

ფოტოალბომი ფეისბუქზე