28 დეკემბერს საქველმოქმედო აქცია – “საჩუქრის” ფარგლებში ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების თაოსნობით სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისის” წევრები ეწვივნენ “დედა ბარბარეს შვილებს”, სიურპრიზი მოუწყვეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საკუთარი სახსრებით შეძენილი საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სტუმრობის ფარგლებში ჩატარდა უამრავი აქტივობა პატარებთან ერთად. სანტამ მათ საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა ძალიან ბევრი იცეკვეს, ხატეს, გამოძერწეს ორიგინალური ფიგურები თიხისგან, ქაღალდისგან საინტერესო ორნამენტები შექმნეს და ბევრი იმხიარულეს.

პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის თუნდაც ერთი დღის გალამაზებას, ბედნიერების მინიჭებას, სითბოსა და ზრუნვის გამოხატვასა და საახალწლო განწყობის შექმნას, რაც იმედი გვაქვს შევძელით.

ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ამდაგვარ საქველმოქმედო პროექტებს და უამრავ დაუვიწყარ მომენტს აჩუქებს მათ.