ჩვენი პროექტის სამმა დღემ წარმატებითა და შესანიშნავი შედეგებით ჩაიარა. თითოეულმა მონაწილებ საკუთარი შესაძლებლობები ძალიან კარგად წარმოაჩინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა თხზულებებმა ჟიურის წევრები მნიშვნელოვნად მოხიბლა და, ამასთან ერთად, თითოეულმა მათგანმა, მონაწილეთა შეფასების შემდეგ, საკუთარი კომენტარი გააკეთა.

ჩვენ მიერ მოწვეულმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ქალბატონმა ია აფთარაშვილმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ თხზულებებში ჭარბად იყო გამოხატული კეთილი იმედის მომავალი. კომენტართან ერთად, ქალბატონი ია შეეხო უშუალოდ ძალადობის აღმოფხვრის გზებსაც და აღნიშნა, რომ : ” ჩვენ ვართ ძლიერები მაშინ, როდესაც ვიცავთ ჩვენს პოზიციას და ისე, რომ არ ვარღვევთ სხვის უფლებებს. აი, ეს არის ძლიერება, ჩემი ინტერპრეტაციით. უნდა დაირღვეს ჯაჭვი. როდესაც ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს – მე უფრო ძლიერი ვარ და მე შენ გაჩვენებ ვინ ვის დაჩაგრავს – ეს არის უკვე ციკლი, ეს არის ჯაჭვი, რომელიც არასდროს დამთავრდება. მთავარია, ჩვენ ის გავწყვიტოთ ისე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა და, ამავე დროს, ხელი არ შევუშალოთ სხვას საკუთარი თავის რეალიზებაში.” ამ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა ჩვენ მიერ მოწვეულმა ჟიურის წევრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა თამილა გოგოლაურმა, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი განსაკუთრებული ყურადღება ყველა ნაშრომმა მიიპყრო იმიტომ, რომ თითოეულ მათგანში იგრძნობოდა და ჩანდა ინდივიდუალიზმი. გარდა ამისა, ქალბატონი თამილა ამატებს, რომ თითოეულ ნაშრომში პრობლემა ზუსტად და ნათლად იყო გააზრებული, ნაშრომებში მოყვანილი ძალადობის მაგალითებით გამოწვეული სატკივარი მოდიოდა აუდიტორიამდე. ჟიურის წევრებმა არაერთი რჩევა მისცეს მონაწილეებს, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვეს იმას, რომ მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პრობლემის გადაჭრის გზებზე. რაც შეეხება ნახატებს, ჟიურის ძალიან მოეწონა რამდენიმე და მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე შეარჩიეს სამი საუკეთესო, მათი არჩევანი დაემთხვა ერთმანეთს. ჟიურისთან ერთად ხმის მიცემისა და ფავორიტ ნამუშევართა შერჩევის უფლება დამსწრე საზოგადოებასაც მიეცა, რის შედეგადაც გამოვლინდა ხალხის რჩეული სამი ნახატი.

ჩვენ არ გამოვტოვეთ შანსი და შეფასებების გადანაწილების შემდეგ ვთხოვეთ ჟიურის წევრებს რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რათა უფრო ღრმად გვცოდნოდა, თუ რამდენად შედეგიანი იყო ჩვენი პროექტი და, რა თქმა უნდა, უფრო ხაზგასმით წარმოეჩინათ საკუთარი აზრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამილა გოგოლაური.

– ქალბატონო თამილა, როგორ შეაფასებდით მონაწილეთა შესაძლებლობების საერთო ფონს, როგორც ფილოლოგი?
– მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მონაწილეს თემა სრულიად გააზრებული ჰქონდა. მოხარული ვარ, რომ არც ერთი ნაშრომი იყო შაბლონური, სატკივარი და პრობლემა კი ძალიან კარგად აქვთ დანახული ბავშვებს და ცდილობენ, რომ ეს პრობლემა წარმოაჩინონ სხვადასხვა გზით, მეთოდებითა და მხატვრული ხერხების გამოყენებით. ჩვენ, ჟიურის წევრებმა, ვიხილეთ ყველა სახის ნაშრომი, როგორც პუბლიცისტური არგუმენტირებული ესსე, ისევე პატარა ნაწარმოებები და მოთხრობები – ეს ძალიან მომეწონა. ნაშრომები მრავალფეროვნად წარმოაჩინეს, რაც ძალიან კარგია. მომეწონა, რომ , მიუხედავად გრამატიკული შეცდომებისა, თითოეულ მონაწილეს დახვეწილი აქვს წერის სტილი. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები კარგად ფლობენ ლიტერატურას და, რაც მთავარია, გააჩნიათ ზოგადი განათლება. უნდა აღინიშნოს, რომ ყველას ნაწერი ძალიან კარგი იყო და ამიტომ, გაგვიჭირდა საუკეთესო სამეულის ამორჩევა. ყველა ნაშრომი აკმაყოფილებდა აუცილებელ კრიტერიუმებს. სასიხარულო ის არის, რომ ჩვენი საბოლოო, დამოუკიდებელი შეფასება დაემთხვა.
– რას ურჩევდით ჩვენი პროექტის მონაწილეებს? – ვურჩევდი, რომ იყვნენ უფრო თამამები წერაში და უფრო თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი, სათქმელი. პრობლემა დანახულია, თუმცა გაცილებით უფრო რთულია პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბარი, რაც აუცილებელია. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნება, დაეუფლონ აკადემიური წერის ნორმებს და არ დაივიწყონ ქართული ენა და ლიტერატურა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი ანა შანშიაშვილი.

– ქალბატონო ანა , როგორც ხელოვნებათმცოდნე, როგორ შეაფასებდით მონაწილეთა შესაძლებლობების საერთო ფონს და რა რჩევას მისცემდით?
– ჩემი რჩევაა,ჰქონდეთ ნაკლები სტერეოტიპი და თითოეულ პრობლემას, რომელსაც შეეხებიან, უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ. ცხოვრებაში არსებობს შემთხვევები, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრი მოძალადეს როლში წარმოაჩენს თავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბავშვებმა ნაწარმოებებში არა მხოლოდ სხვა, არამედ საკუთარი თავიც წარმოიდგინონ, როგორც მოძალადე. საკუთარ თავში ეძიონ პრობლემის გადაჭრის გზების შესაძლებლობა. მხატვრული თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ნაშრომებში ძალიან კარგი ციტირებები იყო მოყვანილი. ნაწილი უფრო მეტად ინფორმაციული იყო, მაგრამ ბავშვებმა შესანიშნავად გადმოსცეს საკუთარი მოსაზრება მხატვრული ენის მეშვეობით. რაც მთავარია, პრობლემა ძალიან კარგად და ზუსტად იყო გააზრებული.

ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ის, რომ აუდიტორიის გამოკითხვისას თითოეულმა გამოკითხულმა პირმა გამოხატა საკუთარი დადებითი განწყობა ამგვარი პროექტების ჩატარების მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ, სწორედ, ასეთი პროექტები შეუწყობენ ხელს ძალადობის აღმოფხვრას. მონაწილეთა მშობლებმა აღნიშნეს, რომ დიდი სიამოვნებით ჩართავდნენ ბავშვებს უფრო და უფრო მეტ კონკურსსა თუ ტრენინგში, რადგან ხედავენ, რომ ეს არის სასარგებლო ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესანიშნავი გზა.

რაც შეეხება მეორე დღეს, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ტრენინგში “ძალადობასთან ბრძოლის იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტები” და ძალიან კარგად გაართვეს თავი ჩვენს მიერ მიცემულ ქეისებს. საკუთარი თავი და შესაძლებლობები თითოეულმა მონაწილემ საუკეთესოდ წარმოაჩინა და, თამამად ვიტყვით, რომ ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. ქეისების განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ კრიტერიუმების მიხედვით რეალობასთან და სიზუსტესთან უფრო ახლოს იყო იურიდიული ტრენინგის ერთი, ხოლო ფსიქოლოგიური ტრენინგის ორი გუნდი. ვფიქრობთ, რომ ეს დღე წარმატებული და შთაბეჭდილებებით სავსე იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მონაწილესა და აუდიტორიის წევრისთვისაც.

ფინალურ, მესამე დღეს, ჩვენი პროექტი დასრულდა.
ჩვენმა მონაწილეებმა უყურეს რეჟისორ კახაბერ კიკაბიძის ქართულ მხატვრულ ფილმს „ტბა“, რის შემდეგად მეორე დღეს დაწინაურებულ ჯგუფებს მიეცათ დავალებები, რათა განეხილათ ფილმი. განაწილებულ ბავშვებს დაემატნენ სხვა გუნდების წევრები და მსურველები დარბაზიდან. გარდა ამისა, ჩართულობის შესაძლებლობა მიეცათ მათაც, ვინც მეორე დღეს გამოაკლდა ტრენინგებს. მონაწილეებმა სხვადასხვა კუთხით გაარჩიეს ფილმი და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითოეულმა გამოიყენა ის ცოდნა, რომელიც მიიღეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტრენინგებში. შემდეგი დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ ბავშვებს უნდა შეემუშავებინათ გეგმა, თუ რას გააკეთებდნენ საკუთარ გარემოში არსებული ვითარების შესაცვლელად. შექმნილ ოთხ გუნდს ამ თემაზე უნდა ემუშავათ ინდივიდუალურად , რის შედეგად მივიღეთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ძალიან საინტერესო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციებში ჩაერთო ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების პრეზიდენტი, საიდ აჯიანცი, რომელმაც რეალურად შეაფასა თითოეული შესრულებული დავალება და ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზა.
ამ ორი დავალების წარმატებულად დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო მონაწილეთა გამორჩეულ მასწავლებლებსა და სკოლებს გადაეცათ მადლობის სიგელები. გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ წიგნებით.

წიგნებით დაჯილდოვდნენ!
თხზულებების კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები:
1) თამარ სამხარაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის, მე-12 კლასის მოსწავლე.
2) მარიამ რუსიშვილი, ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის, მე-9 კლასის მოსწავლე.
3) ნინო მჭედლიშვილი, ქალაქ თბილისის №190 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე.

ნახატების კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები:
ჟიურის რჩეული:
-ანა ნასყიდაშვილი, ქალაქ თბილისის №105 საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე.
-მარიამ ბაბუნაშვილი, ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე.
-თამარ პაპაშვილი, ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის, მე-8 კლასის მოსწავლე.
ხალხის რჩეული:
-ოთარ ბერიძე, ქალაქ თბილისის №190 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე
-დავით ასატუროვი, ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის, მე-8 კლასის მოსწავლე.
-მარიამ დავითაშვილი, ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლე.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება მადლობას უხდის პროექტის მონაწილეებს, მათ ხელმძღვანელებს და სკოლების ადმინისტრაციებს პროექტში ჩართულობისთვის. მონაწილეებს უსურვებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და იმედოვნებს, რომ ეს პროექტი იქნება თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც “სამყარო ძალადობის გარეშე” ქვია!

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება განსაკუთრებულ მადლობას უხდის!

კონკურსზე მოწვეულ ჟიურის წევრებს:
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ თამილა გოგოლაურს.
-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს, ქალბატონ ია აფთარაშვილს.
-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორს, ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონ ანა შანშიაშვილს.

გვინდა ავღნიშნოთ და მადლობა გადავუხადოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გვედგნენ გვერდში:
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
-ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება
-არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი”

სტატიის ავტორი: მარიამ პლატონოვა

სტატია ფოტოებით.