სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის  C    ჯგუფის კვლევა.

ავტორები:  გიორგი  ნაჭყებია

თეონა ტარიელაძე

რუსუდან გოლეთიანი

გიორგი  ნაცვლიშვილი

ლანა გულიაშვილი

საიდ აჯიანცი

კვლევის ხელმძღვანელი : რამაზ საყვარელიძე

 

   დროისა და სივრცის ილუზიები ის ილუზიებია, რომლებშიც დროისა და სივრცის ფაქტორები ერთმანეთის აღქმის სისწორეზე ახდენენ გავლენას. მათ პროტოტიპულ მაგალითს კაპას ეფექტი წარმოადგენს: სუბიექტი ორ სტიმულს შორის დროის შუალედს უფრო დიდად აღიქვამს თუ მათ შორის მანძილიც დიდია, სხვა ორ სტიმულს შორის დროის შუალედთან შედარებით, რომელთა შორის მანძილი შედარებით ნაკლებია. ამ ეფექტზე მუშაობისას ჩვენს ჯგუფში თავისთავად დაიბადა იდეა, შეიძლებოდა თუ არა, ამგვარი ილუზიების არსის ასახსნელად განწყობის თეორიის გამოყენება.

  განწყობა ერთგვარი შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ცნობიერების უახლოეს შინაარს განსაზღვრავს. იქნებ პირველი ორი სტიმულის გავლენით იქმნება გარკვეული განწყობა ორი მოდალობის (დროისა და სივრცის) კონკრეტული მოცემულობების შესახებ, სხვა ორ სტიმულს შორის ერთ-ერთი მოდალობის ცვლილება კი მეორის აღქმის არაზუსტობას იწვევს. უფრო ზუსტად, სხვა ორ სტიმულს შორის დროის ინტერვალს მეტად აღვიქვამთ ვიდრე პირველ ორ სტიმულს შორის იყო, რადგან მეორე შემთხვევაში სტიმულებს შორის მანძილი გაიზარდა. ერთი მოდალობა (სივრცე) გავლენას ახდენს მეორეზე (დრო). აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ანალოგიური რამ დაამტკიცა თავად უზნაძემაც, როცა კონკრეტულ ცდებში გამოვლინდა განწყობის ირადიაცია ჰაპტურ და ოპტიკურ სფეროებში.

   ჩვენი კვლევის სუბიექტებს  წარმოადგენდნენ 18_ დან 20_მდე წლამდე ასაკობრივი ჯგუფის სტუდენტები .ინდივიდუალურად შევდიოდით ჯგუფებში, ვურიგებდით ბლანკებს, სადაც მოცემული იყო კვლევის პირობები. ამის შემდეგ ვთხოვდით სტუდენტებს ყურადღებით  გაცნობოდნენ ბლანკს და ენახათ ვიდეო, რის შემდეგაც პასუხი გაეცათ ჩვენს დასმულ კითხვაზე ბლანკში და შესაბამის გრაფაში  მიეთითებინათ საკუთარი პასუხი.მთლიანობაში კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამოცდაშვიდმა სტუდენტმა.

   დასმულ საკითხზე პასუხის გასაცემად შევქმენით ვიდეო აპლიკაცია. ვიდეოში თანმიმდევრობით ჩნდებოდა სამი  წრე, რომელთა გამოჩენას შორის დროის ინტერვალი თანაბარი იყო, ხოლო მანძილი მეორე და მესამე წრეებს შორის – უფრო მეტი, ვიდრე პირველსა და მეორეს შორის. ცდისპირებს ერთსა და იმავე ვიდეოს ვაჩვენებდით სამჯერ. ყოველი ჩვენების შემდეგ ისინი მათთვის დარიგებული ბლანკის შესაბამის გრაფაში უთითებდნენ თუ როგორი იყო დროის ინტერვალი მეორე და მესამე ბურთებს შორის, თუ პირველსა და მეორე წრეებს შორის ის დროის პირობითი 15 ერთეულია (პირობითი ერთეულის შემოღებით შესაძლებელი გახდა ცთომილების ხარისხის გაზომვა). ცდისპირებმა არ იცოდნენ ვიდეოები სხვადასხვა იყო თუ არა. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ მათთვის ნაჩვენები იქნებოდა სამი ვიდეო, თითოეულში ერთმანეთის მიყოლებით გამოისახებოდა სამი წრე, რომელთა გამოჩენას შორის, თითოეულ ვიდეოში, დროის ინტერვალი შეიძლებოდა ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო თანაბარი. ცდისპირები მონაცემებს ავსებდნენ თითოეული ჩვენების დასრულებისთანავე.

image1

  ცდების შედეგად გამოვლინდა, როგორც კონტრასტული (კონტრასტულად მივიჩნიეთ ის ილუზიები, სადაც ვლინდებოდა კაპას ეფექტის საწინააღმდეგო შედეგი) ისე ასიმილაციური ილუზიები (კაპას ეფექტი). ამან კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ იდეა, ეფექტის საფუძვლად განწყობის არსებობის შესახებ, შეიძლებოდა, არ ყოფილიყო რეალობას მოკლებული, რადგან ჩვეულებრივ, ილუზორული ეფექტი ცალსახაა ხოლმე.

 მიღებული შედეგების მიხედვით, ვიდეოს პირველი ჩვენების შემდეგ, კონტრასტული ილუზიები სჭარბობდა (35.7%), რაც „გაცრუებული მოლოდინის“ იდეით ავხსენით. მართალია, სიტყვა „მოლოდინი“ განწყობის ექვივალენტად არ გამოდგება, თუმცა საგნის არსს თითქმის სრულად გამოხატავს. პირველი ორი წრის გამოჩენის შემდეგ, ცდისპირი “მოელის” მესამე ბურთის გაჩენას იმავე მანძილში (ფორმირებულია პირველი განწყობა), მოლოდინი კი უცრუვდება. ილუზიათა საერთო რაოდენობა საკმაოდ მაღალია – 64.3 %.

image3

image2მეორედ ჩვენებისას ცდისპირი მესამე წრის მოშორებით გამოჩენას „ელის“ (რადგან აპლიკაცია ერთხელ უკვე ნანახი აქვს, ახალი განწყობა პირველის ადგილს იკავებს) ეს “მოლოდინი” კი მართლდება. შედეგად, მეორე და მესამე ჩვენებისას, ასიმილაციური ილუზიების რიცხვი ძლიერ მატულობს (33.9% და 42.9% შესაბამისად). ცხადია, პირველი “გაცუდებული” მოლოდინის შემდეგ, ვიდეოს მეორედ ყურებისას ცდისპირი აღარ მოელის წრის იმავე მანძილზე გაჩენას, არამედ პირიქით – მოშორებით, როგორც ეს პირველ ჩვენებაში იყო და კონტრასტული ილუზიების კლებაც ამით უნდა იყოს გამოწვეული. ილუზიათა ის რიცხვი რაც პირველი ჩვენების შემდეგ, მეორე ჩვენებისას კონტრასტულ ილუზიათა რიცხვს მოაკლდა, ასიმილაციურთან ერთად, ტოლობის მხარესაც გადანაწილდა, რამაც საერთო ილუზიების რიცხვი 64% -დან 59% -მდე დაიყვანა. ამასთან იმდენად, რამდენადაც მესამე ჩვენებისას მესამე წრის პოზიციის შესახებ ცდისპირებში ერთბაშად ორი ჩვენების შემდეგ ფორმირებული (უფრო განმტკიცებული) განწყობაა, ილუზიათა რიცხვი 71.9 % -მდე იმატებს, სწორ პასუხთა რაოდენობა კი, ასიმილაციურ ილუზიათა რიცხვის ზრდის ხარჯზე, ძლიერ მცირდება.

image4  ამგვარად, არსებული მონაცემების ინტერპრეტირება განწყობის მოშვეობით სავსებით ლოგიკურად მოხერხდა. დარწმუნებით იმის თქმა, შეიძლება თუ არა, განწყობის თეორიის გამოყენება ამ, ან მსგავსი ეფექტების არსის ასახსნელად, ცხადია, ჯერაც არ შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, მიღებული შედეგები მომავალში კვლევათა გაგრძელების საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა:

დ. უზნაძე. „განწყობის ფსიქოლოგია“. 2010.

Jean-Christophe Sarrazin, Marie-Dominique Giraudo, Jean Pailhous, Reinoud J. Bootsma. Dynamics of Balancing Space and Time in Memory: Tau and Kappa Effects Revisited. 2004.